top of page
Search
  • Writer's pictureEkaterine Gigauri

ნარჩენების პანდემია

Updated: Jul 27, 2021


ცოტახნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ, საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოში ახალგაზრდა მამაკაცი მიზანმიმართულად ყრის ასობით პლასტმასის ბოთლს მდინარეში. საზოგადოების რეაქცია ლოგიკურია, ვინაიდან 21-ე საუკუნის ადამიანმა კარგად იცის პლასტმასით დაბინძურების დამანგრეველი შედეგები, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ პლასტმასის ბოთლის გადამუშავებას დედამიწა 450 წელს უნდება.

უკვე დიდი ხანია მსოფლიო ეკოლოგიური ორგანიზაციები განგაშის ზარს რეკავენ, რადგან ადამიანის მიერ "შექმნილი" ნარჩენების რაოდენობა იმდენად დიდია, თავად ადამიანს და მის გარემომცველ სამყაროს ანადგურებს. თუმცა, 2020 წლის 20 მარტის შემდეგ, როცა კოვიდ-19-ის გავრცელების გამო პროცესი პანდემიად გამოცხადდა ყველაფერმა უკანა პლანზე გადაიწია. ადამიანებში გაიღვიძა თვითგადარჩენის ინსტინქტმა, რომელმაც სუპერმარკეტები დააცარიელა :) . შემდეგ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გამოცხადდა ლოკდაუნი და დედამიწა თითქოს დაცარიელდა, ამოისუნთქა იმ შემაწუხებელი პარაზიტისგან რომელსაც ადამიანი ჰქვია. შეწყდა საწარმოებისა და ქარხნების ფუნქციონირება, ავიამიმოსვლა და უამრავი რამ. ამას მოჰყვა უამრავი ნიუსი, თუ როგორ დადებითად შეიცვალა დედამიწის ეკოლგიური მდგომარეობა უმოკლეს ვადებში.

დადებითი მაგალითები ნამდვილად არსებობს.


წყარო: https://bit.ly/3jS6XUe

https://go.nasa.gov/3xklGLO

არც ფეიკ ნიუსები ყოფილა ცოტა


ზემოთ ნახსენები მიზეზებიდან გამომდინარე, რადგანაც ჰაერისა და ნიადაგის დამაბინძურებელმა ძირითადმა "ქარხნებმა" ფუნქციონირება შეაჩერეს ეკოლოგიის დადებითი ცვლილებაც უდაოდ ლოგიკურია. თუმცა, ძალიან მალე გაჩნდა ახალი პრობლემა, რომელსაც არანორმალურად გაზრდილი სამედიცინო ნარჩენები და პლასტმასი ჰქვია.



სამედიცინო ნარჩენების რაოდენობა გაიზარდა არნახული რაოდენობით, რაზეც ყველაზე მარტივად კოვიდ ცენტრში მომუშავე პერსონალის აღჭურვილობაც მეტყველებს. სათვალე, პირბადე, სამედიცინო ხალათი და ხელთათმანები- ეს, ის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობაა, რომლითაც კოვიდ ცენტრებში ნებისმიერი ტიპის სამედიცინო პერსონალი მუშაობს. აქედან მხოლოდ სათვალეა მრავალჯერადი გამოყენების. პირბადის გამოცვლა ხდება დაახლოებით 2 საათში ერთხელ, სამედიცინო ხალათის დაზიანება ძალიან მარტივად შეიძლება, ისევე როგორც სამედიცინო ხელთათმანის, რომელშიც ხელი მარტივად ოფლიანდება.

იქიდან გამომდინარე, რომ თემა ახალია და 2020 წლის სამედიცინო ნარჩენების შესახებ კვლევა და ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ არის, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ზუსტ რიცხვებზე. თუმცა ძნელი წარმოსადგენი არაა როგორ გაიზარდა სამედიცინო ნარჩენების რაოდენობა, თუნდა მედპერსონალის აღჭურვილობის ფონზე. არაფერი რომ აღარ ვთქვათ შპრიცებზე, პლასტერებზე, ჟანგბადის ბალონებზე და სხვა სამედიცინო ხელსაწყოებსა, თუ ნივთებზე რომლებიც პალსტმასს შეიცავენ.















ორგანიზაცია Oceans Asia-მ საინტერესო კვლევები ჩაატარა ოკეანეების პირბადეებით დაბინძურებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის დირექტორმა, გერი სტოუკსმა ამასთან დაკავშირებით ფოტოების სერია გადაიღო.




არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს პლასტმასი, რომელსაც რესტორნები თუ სხვადასხვა სახის დაწესებულებები საკვების შესაფუთ-გასაგზავნად იყენებენ. როგორც წესით, შეფუთვისას სულ მცირე ჩანგალი და პოლიეთილენის პარკი აუცილებლად გამოიყენება. ზოგ შემთხვევაში კონტეინერიც პოლიეთილენისაა. ლოკდაუნის პერიოდში საჭმლის გამოძახების სერვისი ძალიან პოპულარული გახდა, ეს იყო რეალურად ერთადერთი გზა რომ სარესტორნო ბიზნესი გადარჩენილიყო. საქართველოში არნახული რაოდენობით გაიზარდა საჭმლის გამოძახების რაოდენობა და ბაზარზე პროდუქტის მიმწოდებელი რამდენიმე ახალი კომპანია გამოვიდა.

მაგალითისთვის, შეგვიძლია ვნახოთ გლოვოს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაცია.


როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, მოცემულ საკითხებზე სიღრმისეული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა ჩვენს გარემომცველ სამყაროში დანაგვიანებისა და ეკოლოგიის პრობლემები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.



ადამიანმა ჩათვალა, რომ დედამიწის ბატონია და ბუნებას უდიერად ებყრობა. შედეგად კი საკუთარ ტოტსვე ჭრის და სადაცაა "ძირს დაეცემა". პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოს მოუწია ბევრი პრობლემის "დავიწყება" თუმცა, ბევრი რამე თითოეული ჩვენგანის ხელშია. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ბუნება ან ირიბად ჩავყაროთ მდინარეში ასობით ბოთლი.

















Post: Blog2_Post
bottom of page